Wednesday, December 8, 2010

მოხატულობა

XI საუკუნეში ტაძარი მთლიანად მოხატული იყო. ამ ხანის მხატვრობის მცირე ფრაგმენტები შემორჩენილია: ტაძრის დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელზე, სარკმლის სამხრეთით - სცენა სახარებიდან: ქრისტე და სამარიტელი ქალი, შუა ნავის სამხრეტ დასავლეთ თაღზე -მცენარეული ორნამენტი და სამხრეთი ნავის კამარაში - გაურკვეველი სცენის ნაშთები. დანარჩენი მხატვრობა გვიანდელია. საკურთხეველში შემორჩენილია მხატვრობის ზედა ორი რეგისტრი. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე გადაშლილი სახარებით ხელში და ცეცხლოვან ბორბლებზე შემდგარი ორი ქერუბიმი. ბემის კამარაში თაყვანისცემის პოზაში გამოსახულია ოთხი ანგელოზი, კედლებზე კი ორი მთავარანგელოზი. ახლანდელი მოხატულობა XVI, XVII და შესაძლოა XVIII საუკუნეებისაც იყოს. განახლებულია XIX საუკუნეში. უფრო საინტერესოა ტაძრის შიგნით, საკუთრივ "სვეტის" (კოშკისებური ნაგებობის) XVII საუკუნის მიწურულს მხატვრობა, რომელშიც ქართლის მოქცევის ეპიზოდებია გადმოცემული (მოხატვის ხელმძღვანელი მხატვარი გრიგოლ გულჯავარასაშვილი, მოთავე - ნიკოლოზ კათოლიკოსი). გარედანაც ბევრი რამ არის შეცვლილი: გუმბათის ყელი და ფასადთა პერანგის ნაწილი (რომელიც     მწვანე ქვით არის მოპირქეთებული) XV საუკუნის I ნახევარს მიეკუთვნება (რესტავრირებულია ალექსანდრე I, დიდის მიერ თემურლენგის შემოსევათა დროს ტაძრის ძლიერი დაზიანების შემდეგ), ზოგი რელიეფური გამოსახულება გადაადგილებულია, არის XVII საუკუნის ჩანართებიც, მაგრამ ამ რესტავრაციებს არ დაურღვევია შენობის ძირითადი ფორმები და პროპორციები.

No comments:

Post a Comment